მამუკა მდინარაძე: ორშაბათს პარტიის თავმჯდომარე გაახმოვანებს ისეთ მოსაზრებებს, რომელსაც დიმიტრი ხუნდაძეც და მისი თანამოაზრეებიც დაეთანხმებიან
მაქვს მოლოდინი, რომ უმრავლესობაში შიდა კონსენსუსს მივაღწევთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემა “კვირის თემაში” განაცხადა. მისი თქმით, ორშაბათს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გაახმოვანებს ისეთ მოსაზრებებს, რომელსაც დიმიტრი ხუნდაძეც და მისი თანამოაზრეებიც დაეთანხმებიან.
„ეს მოსაზრებები არ გულისხმობს იმას, რომ უნდა გადავიდეთ სრულად მაჟორიტარულზე და არც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ 2024 წლისათვის დავთმოთ პროპორციული სისტემა. ამ პოზიციებს შორის საერთო კონსენსუსური გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ. ეს საუბარი გუნდის შიგნით უნდა დამთავრდეს და შევჯერდეთ საერთო პოზიციაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციასთან დიალოგს, მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ოპოზიცია წამოვიდა იმაზე, რომ გვერდზე გაიწია ე.წ. გერმანული მოდელის განხილვამ, რომელიც იყო აბსოლუტურად ჩიხური და დღეს საუბარი დაიწყო გერმანული მოდელის ერთ კომპონენტზე. კერძოდ, როგორც განაწილდეს 73 მაჟორიტარული მანდატი. მამუკა მდინარაძის განმარტებით, მაჟორიტარული მანდატების გადანაწილების წესზე მსჯელობა არ მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან და ხელისუფლება მზად არის აღნიშნულ საკითხზე დიალოგი გააგრძელოს.
“როგორ გავანაწილოთ მაჟორიტარულ ნაწილში მანდატები, ამაზე ვისაუბრეთ. აქვე ვამბობთ, რომ ამაზე საუბარი არის კონსტიტუციის ფარგლებში, ეს პოზიციები ერთი-ერთში ემთხვევა კონსტიტუციას და როგორც მინიმუმ, წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციასთან. გავაგრძელოთ ამაზე საუბარი. შესაძლოა, მივიდეთ რაღაც გადაწყვეტილებამდე, განსხვავებით იმ შემოთავაზებისგან, როდესაც ისინი გვთავაზობდნენ გერმანულ მოდელს, რომელიც აბსოლუტურად არ იყო შესატყვისი მოქმედი ქართული კონსტიტუციის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, აქაც ცოტა კარი გაიხსნა დიალოგისთვის”, - განაცხადა ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
