„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს. შუქრუთის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა და მათ საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით ახალი დასახლების შექმნის პროექტი წარუდგინეს. საწყის ეტაპზე დაგეგმილია ადგილის შერჩევა და არქიტექტურული კონცეფციის შემუშავება. პროექტის განხორციელების პროცესში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციისა და შესაბამისი ცენტრალური უწყებების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. კომპანიის ინფორმაციით, პროექტის დაგეგმვისა და დაფინანსების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება. მომდევნო კვირიდან, პროექტში ჩართვის მსურველ მოსახლეობასთან ერთად, სამუშაო ჯგუფის ფორმირება და კონკრეტულ ეტაპებზე მუშაობა დაიწყება. გათვალისწინებული იქნება თითოეული ოჯახის მოსაზრება.
