საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ახალი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ყალბ ისტორიებს და დოკუმენტაციას უქმნიდნენ
საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, გამოვლენილი არიან ახალი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ყალბ ისტორიებს და დოკუმენტაციას უქმნიდნენ. პროკურატურამ ოთხ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს სამმა მოქალაქემ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა. ჯგუფის წევრები წერდნენ არარსებულ ისტორიებს, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის, სამართალდამცავების მხრიდან მათი დევნის და სხვა მიზეზთა გამო. ჯგუფის ერთ-ერთი წევრის საცხოვრებელი სახლის და ოფისის ჩხრეკისას ამოღებულ მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერულ მოწყობილობებში აღმოჩენილია ხუთასამდე მოქალაქის სახელზე დამზადებული ყალბი დოკუმენტაცია, გამოძიებით ასევე, დადგენილია, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე დროის პერიოდში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ზემოხსენებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 675 794 ლარის, 388 526 აშშ დოლარის და 4 964 ევროს ოდენობით ფინანსური სარგებელი მიიღეს
