სტიქია კახეთში
სტიქია კახეთში - განადგურებული ინფრასტრუქტურა, დანგრეული ხიდი, დატბორილი საცხოვრებელი კორპუსები, კომერციული და საჯარო შენობები. თელავში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე გაუარესდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კავკასიონის ქუჩაზე. გადაუღებელი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია. წყალმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარის ძლიერი ნაკადი ამ დროისთვის კავკასიონის ქუჩის ნაწილზე მიედინება. რამდენიმე მონაკვეთზე წყალმა ასფალტი წაიღო, ამიტომ ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია. მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ხევის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დატბორვის საფრთხე არსებობდა, რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია ჯერ კიდევ ღამის საათებში განხორციელდა. დაზიანებულია გაზმომარაგების სისტემა და ელექტროგადამცემი ხაზები, ათასობით აბონენტს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია არ მიეწოდება. სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდა კახეთის სახელმწიფო რწმუნებული. შესაბამისი სამსახურები უკვე რამდენიმე საათია საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში მძიმე ტექნიკაც ჩაერთო
