პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს მოუწოდებს, შეწყვიტოს ერების პირველი და მეორე კლასის ერებად დახარისხება
პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს მოუწოდებს, შეწყვიტოს ერების პირველი და მეორე კლასის ერებად დახარისხება. „პოლიტიკო“ მარტა კოსის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ევროკომისარი გაფართოების საკითხებში ხაზგასმით ამბობს, რომ თუ ახალი წევრი სახელმწიფოები წესებს დაიცავენ, არაფერი მოხდება, თუ არ დაიცავენ, მაშინ დაცვის მექანიზმები მათზე მწვავედ იმოქმედებს. მარტა კოსი აცხადებს, რომ ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იმავე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს. შალვა პაპუაშვილის შეაფასებით, ეს ევროკავშირის მხრიდან ერების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას აჩვენებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს.
