დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 42 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი" და „გამომშრალი „მარიხუანა". დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, გერმანიისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი დააკავეს.სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1 400 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
