მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობის დღესასწაულს ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობის დღესასწაულს ზეიმობს, რომელიც აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებით მიდიან, ეკლესიებშიც ყვავილები და მწვანე ბალახია დაფენილი. ტაძრის მწვანით შემოსვის ტრადიცია ძველი აღთქმიდან მოდის; სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს სწირავდნენ. სახარების მიხედვით, ამ დღეს მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადავიდა, ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო და მათ სხვადასხვა ენაზე ქადაგების უნარი მიეცათ, რომ ქრისტიანობა მთელს მსოფლიოში გაევრცელებინათ. ღვთისმსახურების შემდეგ სპეციალური, სულიწმინდის მოწვევის ლოცვა იკითხება.
