„როიტერსის“ ინფორმაცია
ტრამპის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირაში ნატოელ მოკავშირეებს აცნობებს, რომ იმ სამხედრო შესაძლებლობების რესურსს შეამცირებს, რომელსაც შეერთებული შტატები ალიანსის ევროპული წევრების დასახმარებლად გამოყოფდა სერიოზული კრიზისების შემთხვევაში. ინფორმაციას „როიტერსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ჩარჩო-პროგრამის ფარგლებში, რომელიც „ნატოს ძალების მოდელის“ სახელითაა ცნობილი, ალიანსის წევრი ქვეყნები განსაზღვრავენ ხელმისაწვდომი სამხედრო ძალების რესურსს, რომელთა გააქტიურებაც შესაძლებელი იქნება კონფლიქტის ან ნებისმიერი სხვა მასშტაბური კრიზისის, მაგალითად, ნატოს წევრზე სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში. წყაროების ცნობით, პენტაგონმა გადაწყვიტა მნიშვნელოვნად შეამციროს თავისი ვალდებულებები.
