უსამართლო დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი საქართველოსთან მიმართებით
უსამართლო დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი საქართველოსთან მიმართებით. ასე ეხმაურება მმართველი გუნდი დანიის დედაქალაქში განვითარებულ პროცესებს, როდესაც პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ევროპული ბიუროკრატია შერჩევითი მიდგომებით მოქმედებს, როცა საქმე საქართველოს ეხება. საკუთარ ქვეყნებში არსებულ უსამართლობაზე კი თვალს ხუჭავს. პალესტინის მომხრე აქტივისტებმა კოპენჰაგენში, დანიური გადამზიდი გიგანტის „მაერსკის“ სათაო ოფისთან ბლოკადა მოაწყვეს და გააპროტესტეს კომპანიის გემებით ისრაელისთვის იარაღის გადაზიდვა. ბლოკადის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად. ინციდენტს არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა მედიასა და საზოგადოებაში: აქტივისტებმა პოლიცია ძალის გადამეტებაში დაადანაშაულეს, თუმცა პოლიციამ კრიტიკა უარყო და ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის გაგზავნილ წერილობით პასუხში განაცხადა, რომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი კონკრეტულ სიტუაციაში ადამიანების ადგილიდან უბრალოდ გაყვანა და ასეთ დროს, შესაძლოა საჭირო გახდეს ფიზიკური ძალის გამოყენება. აქციის დროს 20 ადამიანი დააკავეს.
