პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილის მამა ტელეკომპანია პირველის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილის მამა ტელეკომპანია პირველის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. ბეჟან ბეჟუაშვილის განცხადებით, ტელევიზიამ წლების წინანდელი ბიზნესდავის თაღლითი მონაწილეები პოლიტიკური კამპანიისთვის გამოიყენა. მისივე თქმით, არსებობს რეალური დოკუმენტები, რომელიც ბრალდებებს გამორიცხავს, ასევე მისი განმარტებით, რეპორტაჟში გადაღებული ავტომობილი, რომელიც პროკურორის მანქანად გაასაღეს, თამარ ბეჟუაშვილის საერთოდ არ არის. ტელეკომპანია პირველზე გასულ სიუჟეტს დეზინფორმაციული უწოდა პროკურატურამ, ოფიციალური განცხადებითაც. განცხადებაში წერია, რომ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ტელეკომპანია მიზანმიმართულად უკვე მეორედ ამზადებს სიუჟეტს პროკურორის მამის ბიზნესსაქმიანობის შესახებ და სრულიად დაუსაბუთებლად აკავშირებს თამარ ბეჟუაშვილს პროფესიულ საქმიანობასთან. სიუჟეტის რესპონდენტები კი, გიორგი ბერიშვილი და თეიმურაზ ყარმაზანაშვილი, რომლებიც ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებენ ბეჟუაშვილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ, არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე თავად არიან მსჯავრდებულები და ბრალდებულები, სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვის და თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე. ბრალდებებს უარყოფენ ტელეკომპანია პირველში.
