ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია ორი ადამიანი. მათგან ერთი, პოლიციამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ხოლო მეორე კი, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის" ტერიტორიაზე დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, სპეციალური სკანერის საშუალებით აღმოჩენილია მალულად მოთავსებული 247 აბი „სუბოქსინი“. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ბათუმში უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.
