პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე , ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მიმდინარე წლის აპრილში, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს (ძირითადად საპენსიო ასაკის პირებს), ეცნობოდნენ მათ როგორც კომუნალური მომსახურების კომპანიების წარმომადგენლები და სხვადასხვა სახის საგადასახადო შეღავათს სთავაზობდნენ. თაღლითური ჯგუფის წევრები დაზარალებულებისგან პერსონალურ მონაცემებს იგებდნენ. შემდგომ თაღლითური ჯგუფის წევრები, კვლავ უკავშირდებოდნენ დაზარალებულებს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და განუმარტავდნენ მათ, რომ პერსონალური მონაცემების „უცხო“ პირისთვის გაზიარება გამოიწვევდა მათ ფინანსურ დაზარალებას. რისკის თავიდან ასაცილებლად და ,„დამრღვევთა“ გამოსავლენად კი, თითქოს აუცილებელი იყო, დაზარალებულებს სრულად გადაეცათ მათი წარმომადგენლებისათვის ფინანსური დანაზოგი „ქეშის“ სახით და სამართლებრივი გზით საკითხის მოგვარების შემდეგ კი თანხას უკან დაუბრუნებდნენ. ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ ას ოცდახუთი ათას ლარს. ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-დაკავების მიზნით გამოძიება გრძელდება. დანაშაული ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
