თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე, ბრალდებულები დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე, ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისაგან შეიტყო, რომ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც მისივე გადმოცემით, მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. გაბაშვილი დაუკავშირდა მეგობრებს - გიორგი რიკაძეს და დემეტრე ჩიქოვანს და მათ ერთად გადაწყვიტეს გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა. პირველ ოქტომბერს დაახლოებით 22 საათსა 20 წუთზე ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ასევე ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი და სხვა ადამიანები შეთანხმდნენ, რომ სისტემატურად მოეხდინათ მათთვის მიუღებელი პირების გამოვლენა დასჯის მიზნით, დაემყარებინათ მათთან კომუნიკაცია, მოტყუებით დაეთანხმებინათ შეხვედრაზე და ფიზიკურად გასწორებოდნენ მათ. გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და კიდევ სხვა ადამიანები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, გოგონების სახელით სწერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, ითანხმებდნენ მას წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა. ისინი იღებდნენ ძალადობის ამსახველ კადრებს, ინახავდნენ მობილურ ტელეფონებში და ავრცელებდნენ დახურულ ჯგუფებში, ასევე, ახლო წრეში. დადგენილია, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა 2025 წლის განმავლობაში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე რამდენიმე ძალადობრივი ქმედება განახორციელა, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს. .
