„ჯაშუშებზე ნადირობა“ თუ დაკავება „ყალბი დოკუმენტის გამო“ - რა იკითხება რეალურად სუს-ის მიერ გავრცელებული ტექსტის მიღმა
„ჯაშუშებზე ნადირობა“ თუ დაკავება „ყალბი დოკუმენტის გამო“ - რა იკითხება რეალურად სუს-ის მიერ გავრცელებული ტექსტის მიღმა - ამ სათაურით გამოაქვეყნა ინფორმაცია, სააგენტო რეზონანსმა. როგორც მედიასაშუალება წერს, სუს-ის მცირედ მონათხრობში საკმარისი მინიშნებებია, თუმცა „რეზონანსმა“ საქმესთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი გაარკვია. მათივე ინფორმაციით, უწყებამ, რეალურად, ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ქვეყნის ჯაშუში დააკავა, თანაც იმ ქვეყნის, რომელთანაც საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვს. სწორედ ამ ურთიერთობის გათვალისწინებით, სუს-მა დაკავებული ჯაშუშის ბრალდება დელიკატურად შეარჩია და მესიჯი გაუგზავნა მის პატრონებს, რომ სიტუაციას აკონტროლებს და საქართველოში აგენტურის მუშაობას აუცილებლად გააკონტროლებს. უცხო ქვეყნის მოქალაქე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების გამო დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ადამიანების გამოვლენისა და მათი სხვადასხვა დანაშაულში მხილების მიზნით კონტრდაზვერვით და შესაბამის ოპერატიულ ღონისძიებებს ინტენსიურად ატარებს.
