სამართალდამცველებმა სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებული შვიდი ადამიანი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან, მოტყუებით, ბინაში გაზის გაჟონვის შესამოწმებლად გვიან ღამით შევიდნენ. ბრალდებულებმა, ცივი იარაღის გამოყენებითა და მკვლელობის მუქარით, რუსეთის მოქალაქეებს წაართვეს 2 000 დოლარი, ასევე მობილური ტელეფონები და ლეპტოპი, რის შემდეგაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდნენ დამატებით 300 000 დოლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკვლით ემუქრებოდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ, დაზარალებულები მუქარით სხვადასხვა ავტომანქანაში ჩასვეს და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანეს. სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შვიდივე თავდამსხმელი, ბრალდებულის სახით, მარნეულსა და გორში დააკავეს. დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა დადგენისა და დაკავების მიზნით გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები.
