სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამოავლინეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამოავლინეს. დაკავებულია ერთი ადამიანი. დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ამზადებდა საქართველოსა და უცხო ქვეყნების ყალბ პირადობის დამადასტურებელ და მართვის მოწმობებს. ის აღნიშნულ დოკუმენტებს, საზღვარგარეთ მყოფ დამკვეთებთან და შუამავალ პირებთან ფოსტით აგზავნიდა. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი სპეციალური მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ათეულობით დასაბეჭდი პლასტიკური ბარათი, ასევე უცხო ქვეყნებში გასაგზავნად გამზადებული ყალბი მართვის მოწმობები და მობილური ტელეფონები., საქართველოს ფოსტიდან ამოღებულია საზღვარგარეთ დაჩქარებულად გასაგზავნი ყალბი დოკუმენტებიც. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
