შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 ადამიანი დააკავეს. მათგან შვიდი არასრულწლოვანია. ისინი განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის ადამიანებზე. ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათამდე ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ანალოგიური დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ კიდევ ოთხ ადამიანს, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დამატებით ბრალი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე წარედგინებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა, რომ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების რამდენიმე ლიდერი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ისინი სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მათთან ერთად, ასევე, დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების კიდევ 24 წევრი.
