სამართალდამცველებმა ქვეყანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელების მცდელობა აღკვეთეს - დაკავებულია 5 პირი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სხვადასხვა დროს ხუთი ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის, ყირგიზეთისა და უკრაინის მოქალაქეები. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები მათთვის უცხოეთიდან ამანათებით, შენიღბულად გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციას გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულთა მხილების მიზნით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, მათთვის სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი ამანათების კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რის შემდეგაც დაკავებულების დანაშაულებრივი განზრახვა დადასტურდა. პოლიციამ ამანათებიდან, ასევე ბრალდებულთა საცხოვრებელი ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: 311 აბი „მდმა“, 9 კილოგრამამდე „მეფედრონი“, 2 კილოგრამზე მეტი „მეთადონი“, 4 კილოგრამამდე „ჰაშიში“, ასევე „კლეფედრონი“, „მარიხუანა“, ფსიქოტროპულ ნივთიერება „კეტამინისა“ და ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ-ს“ ნაზავი. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
