ვითარება ახლო აღმოსავლეთში
ირანში სამიზნეები ფაქტობრივად აღარ დარჩა და ომი მალე დასრულდება - ეს დონალდ ტრამპის სიტყვებია. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის უახლესი ანგარიშით, სამხედრო ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში, ირანში 5-ი ათას 500-ზე მეტი სამიზნე და 60-ზე მეტი გემია განადგურებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანის საბრძოლო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაში ასევე განმარტეს, რომ ირანს გამანადგურებელი ძალით უტევენ, იერიშები არაპროგნოზირებადი, დინამიური და მაღალი სიზუსტისაა. სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტეში გაანადგურა ირანის 16-ი ნაღმოსანი გემი. ამერიკასთან ერთად ირანზე ახალი, ფართო მასშტაბიანი იერიში დაიწყო ისრაელმაც, რომელიც პარალელურად, ლიბანში დაჯგუფება ჰეზბოლას პოზიციებს ინტენსიურად ბომბავს. შეერთებული შტატები ირანს, სპარსეთის ყურის ქვეყნებზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართულ თავდასხმებშიც სდებს ბრალს. თეირანი კი, ამერიკულ სამხედრო ბაზებს მთელ რეგიონში, მათ შორის საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში ბომბავს. 4- ადამიანი დაშავდა დუბაიში ორი დრონის ჩამოვარდნის შედეგად. ირანიდან საჰაერო იერიშებს იგერიებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიც.
