ჯანდაცვის მინისტრმა ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა
ღვაწლმოსილ, დამსახურებულ მეცნიერს, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა, ჯანდაცვის მინისტრმა. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა ეთერ ქემერტელიძის გამორჩეულ მეცნიერულ ღვაწლს და საქართველოში ფარმაკოქიმიის განვითარების საქმეში მის დიდ დამსახურებას. აკადემიკოსის მრავალწლიანი სამეცნიერო საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული მეცნიერებისა და მედიცინის განვითარებაში. ეთერ ქემერტელიძე ქვეყანაში ფიტოქიმიისა და ფარმაკოქიმიის დარგის ერთ-ერთ ფუძემდებლად არის აღიარებული. მისი ხელმძღვანელობითა და კვლევების საფუძველზე შექმნილია სხვადასხვა დანიშნულების ორიგინალური სამკურნალო პრეპარატი. აკადემიკოსს მიღებული აქვს მრავალი პერსონალური ჯილდო, სახელმწიფო და საერთაშორისო აღიარება.
