ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და მიცემის ფაქტზე სამი პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამი ადამიანი დააკავა- დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი; ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე -ერთი მოქალაქე, ხოლო ქრთამის მიცემის ფაქტზე თბილისში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი. გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე, სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებითა და შუამავალი პირის დახმარებით, დიდი ოდენობით ქრთამს იღებდა. მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ობიექტის მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და შუამავლის მეშვეობით მიიღო 15 000 ლარი. ბრალდებულები თანხის აღებისთანავე დააკავეს. თანხა ამოღებულია. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2026 წლის თებერვალში, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ობიექტზე განსახორციელებელი უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ, კომპანიის წარმომადგენელმა იმავე საჯარო მოხელეს, კვლავ შუამავლის მეშვეობით, გადასცა მოთხოვნილი 15 000 ლარი. ამ ეპიზოდზეა დაკავებული კომპანიის წარმომადგენელი. დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის მსურველებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან. სამსახურის რეაგირება ნებისმიერ შემთხვევაში მკაცრი იქნება.
