პროკურატურამ იანვარ-თებერვალში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 2026 წლის იანვარ-თებერვალში, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 ადამიანი გამოავლინეს. ბრალდება წარედგინა მოქალაქეს, რომელიც სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციის საშუალებით, უკანონოდ მოიპოვებდა და ინახავდა დაზარალებულთა პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს, ხოლო მოპოვებული მასალის გავრცელების მუქარით, დაზარალებულებს სექსუალური ხასიათის სხვადასხვაგვარ ქმედებას აიძულებდა. ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მხილებულია 6 ადამიანი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი, რომლებმაც უკანონოდ მოიპოვეს, შეინახეს და გაავრცელეს დაზარალებულების, მათ შორის არასრულწლოვანის ინტიმური შინაარსის შემცველი ფოტო და ვიდეო მასალა. ასევე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ორი ადამიანის მიმართ, რომლებმაც ფარულად ჩაიწერეს და შეინახეს დაზარალებულის პირადი და სექსუალური ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. მხილებულია ასევე სამი ადამიანი, რომლებმაც, მცირეწლოვანი ბავშვის აქსესუარში (ჩაფხუტში) დაამონტაჟეს ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელიც ბავშვს, კერძო საუბრების ჩაწერის მიზნით, გაატანეს დაზარალებულის და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელ სახლში.
