პარლამენტის თავმჯდომარე „ღია ეთერში“
„უცხოურ ინტერესებში სათაკილო არაფერია, როდესაც ის საქართველოს ინტერესებს ემთხვევა. მოლოტივის კოქტეილების სროლისა და დესტრუქციის დაფინანსების საშუალებას კი ხელისუფლება, ევროკავშირს არ მისცემს“,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, ოპონენტებს „ღია ეთერში“. პირველი კანონმდებლის თქმით, დონორმა პასუხი უნდა აგოს დაფინანსებულების ქმედებებზე. შალვა პაპუაშვილმა ფაქტად მოიყვანა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა, რომელმაც მისი თქმით, დაუმალა თუ რას აფინანსებდნენ საქართველოში. პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც დონორის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ულტიმატუმს უყენებს არჩეულ ხელისუფლებას, იმუქრება მისი წალეკვით, თუ მას არ ჩასვამენ მთავრობაში, ასეთმა დონორმა იმწამსვე უნდა შეწყვიტოს ხელშეკრულება. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ კი განმარტა, რომ გამჭვირვალობის მიზანი არის ის, რომ ქართულ პოლიტიკაში, ქართველი ხალხის ნებართვის და თანხმობის გარეშე, უცხოური ფული არ ტრიალებდეს. ვის უქმნის პრობლემას ფინანსების საჯაროობა? – უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა, გრანტები კანონი, სასჯელი კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების გამო. ეს გადაცემის თემები იყო, თუმცა ადამიანთა ჯგუფმა, ვისაც კანონმდებლობა ეხება და ამის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს, დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა, თან იმ ფონზე, როდესაც წარსულში თავად ითხოვდნენ „იმედის“ ეთერს.
