ევროსაბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის ვიზიტის შემდგომი ანგარიში გამოქვეყნდა
ევროსაბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის ვიზიტის შემდგომი ანგარიში გამოქვეყნდა. კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევა არ გამოვლენილა. ანგარიშის მიხედვით, დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. პირიქით, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს. კომიტეტმა დადებითად შეაფასა დაბა ლაითურში გახსნილი ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პირობები. დადებითად შეფასდა ჯანდაცვის სისტემაც. იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმების ეფექტიანობასა და პატიმართა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის ყველაზე მკაფიო ინდიკატორი, ევროპული კომიტეტის დასკვნასთან ერთად, არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი არცერთი საქმე არ გამოცხადებულა დასაშვებად. კომიტეტს შეფასებული აქვს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული ვითარებაც. დადებითი შეფასებები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. კომიტეტმა გასცა კონკრეტული რეკომენდაციებიც.
