მილანსა და კორტინაში ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების გახსნაზე, მონაწილე ქვეყნების ტრადიციული აღლუმი, ოლიმპიური დროშის აღმართვა, ფიცის დადებისა და ცეცხლის ანთების ცერემონია გაიმართა
მილანსა და კორტინაში ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების გახსნაზე, მონაწილე ქვეყნების ტრადიციული აღლუმი, ოლიმპიური დროშის აღმართვა, ფიცის დადებისა და ცეცხლის ანთების ცერემონია გაიმართა. გახსნის გრანდიოზულ ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან, სპორტის მინისტრთან და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდა. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იყვნენ ფიგურული მოციგურავეები ლუკა ბერულავა და დიანა დევისი. 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე 8 ქართველი სპორტსმენი გამოდის. 6 თებერვალს ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური შეჯიბრება გაიმართა, რომლის პირველი დღის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრები 20 ქულით აშშ-ის, იაპონიისა და იტალიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა. დღეს მამაკაცთა ერთეულებში მოკლე პროგრამას ნიკა ეგაძე წარადგენს – ევროპის მოქმედი ჩემპიონის გამოსვლის შემდეგ, თუ საქართველოს ნაკრები ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება, მედლებისთვის გააგრძელებს ბრძოლას. იტალიის ქალაქებში ოლიმპიადა 22 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება
