ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ ქართული პავილიონი გაიხსნა
ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ ქართული პავილიონი გაიხსნა. თხუთმეტმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების აგროსასურსათო პროდუქცია გააცნო. ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო ღვინო, სპირტიანი სასმელები, ორგანული წვენები, თაფლი, სანელებლები, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი. ქართული სტენდის სტუმრებს ქართული კერძების დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ. „მწვანე კვირეული“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მებაღეობის სექტორებს მოიცავს. საერთაშორისო გამოფენა 16 იანვარს გაიხსნა და 25 იანვარს დასრულდება. მასში 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1,600-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს მონაწილეობას.
