დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავეს
მათ შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ამოღებულია „ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „კოკაინი“, „მეტამ-ფეტამინი“, გამომშრალი „მარიხუანა" და ფსიქოტროპული ნივთიერება - „პრეგა-ბალინი“. ერთ-ერთი დაკავებულისგან ასევე ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო მასლა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კიდევ ერთი ადამიანი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში შეაჩერეს. პოლიციელების დანახვისთანავე ბრალდებულმა ადგილიდან მიმალვა სცადა და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით განზრახ დაეჯახა პოლიციელების ავტომობილს. ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, მისი ავტომობილიდან კი ამოღებულია, „ალფა პვპ-ს“ შემცველი სითხე. ეს დანაშაულიც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
