ნარკოდანაშაული - ამოღებულია 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“
ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის კიდევ ერთი უმსხვილესი ფაქტი აღკვეთეს. ამოღებულია 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 50 მილიონი ლარია. დაკავებულია ირანის მოქალაქე. სატვირთო ავტომობილი, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ გავლით შემოვიდა. ნარკოტიკები კი აღმოაჩინეს სატვირთოს მისაბმელის სპეციალურ სამალავში. 157 კილოგრამი „ჰეროინის“ გადატანას „მარმარილოს ფილებით“ ცდილობდნენ. ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა ადამიანების დასადგენად და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად გრძელდება გამოძიება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
