შეერთებული შტატების პირველი დარტყმა ევროპელი მაღალჩინოსნებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ
შეერთებული შტატების პირველი დარტყმა ევროპელი მაღალჩინოსნებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის იდეოლოგები ამერიკელი ხალხის სიტყვის თავისუფლების და აზრთა სხვადასხვაობის შეზღუდვაში დაადანაშაულა. ოფიციალური ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, გლობალური ცენზურის ინდუსტრიული კომპლექსის ხელმძღვანელ პირებს სანქციები დაუწესდათ. სანქცირებულთა სია ამ დროისთვის 5 ადამიანს აერთიანებს, მათ შორის ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტის ავტორსა და ყოფილ ევროკომისარს - ტიერი ბრეტონს და 3 სხვადასხვა ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციის 4 ლიდერს. მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ. სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ მომდევნო სამიზნე შესაძლოა ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მოქმედი მაღალჩინოსნებიც გახდნენ. ტრამპის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას მიესალმნენ ამერიკის რესპუბლიკელი კონგრესმენები. სანქციები გააკრიტიკა თავად ყოფილმა ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება დაგმო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვაშინგტონს ევროპელი ხალხის თავისუფლება და სუვერენიტეტი შეახსენა.
