ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს. 5 000 მაყურებელისთვის გათვალისწინებული მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტს, პრემიერ-მინისტრი გაეცნო. პროექტით, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, გათვალისწინებულია მთავარი და სათადარიგო სპორტული დარბაზების, სატრენაჟორო სივრცის, აუზის, მსაჯებისა და საერთაშორისო დელეგაციების ოთახების, საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და რეკრეაციული ზონის მოწყობა. ქუთაისის სპორტის სასახლე როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების, ასევე კონფერენციებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს უმასპინძლებს. ახალი სპორტის სასახლე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი, მრავალფუნქციური პარკის აშენებას გეგმავს. პარკი დაახლოებით 70 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა.
