კულტურის მინისტრი ოლიმპიურ სოფელში, „საბავშვო ევროვიზია 2025“-ის სამზადისს გაეცნო
კონკურსანტთა ნაწილი უკვე საქართველოშია, რეპეტიციები აქტიურად მიმდინარეობს. 13 დეკემბერს ჩვენი ქვეყანა „საბავშვო ევროვიზიას“ მეორედ უმასპინძლებს. ღონისძიებაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 9-დან 14-წლამდე ასაკის შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსში მუსიკალური ნომრებით 18 ქვეყნის დელეგაცია იქნება წარმოდგენილი, მათ შორის საქართველო. ჩვენს ქვეყანას „საბავშვო ევროვიზია 2025“-ზე ანიტა აბგარიანი წარადგენს. საქართველო კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მონაწილეა – ქვეყანას ოთხი გამარჯვება აქვს მოპოვებული.
