POLITICO: დონალდ ტრამპმა ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო, რათა ევროპული პოლიტიკა თავისი მიზნების ფარგლებში მოაქციოს
დონალდ ტრამპმა ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო, რათა ევროპული პოლიტიკა თავისი მიზნების ფარგლებში მოაქციოს და ამერიკული დიპლომატიის სრული ძალა გამოიყენოს პატრიოტული პარტიების მხარდასაჭერად, მიგრაციის აღმოსაფხვრელად, ცენზურის გასანადგურებლად და ევროპული ცივილიზაციის დაცემისაგან გადასარჩენად. ამ შინაარსის სტატიას გამოცემა „პოლიტიკო“ აქვეყნებს. „თეთრმა სახლმა თავის ახლად გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში ყოვლისმომცველი სახით ჩამოაყალიბა თავისი მიდგომა იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების მიმართ, რომელთა წინაშეც დგას ამერიკა და მსოფლიო. იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარება ნახსენებია, როდესაც საქმე ევროპას ეხება, ამერიკის ოფიციალური პოზიცია ახლა ის არის, რომ მისი უსაფრთხოება კონტინენტის პოლიტიკის მემარჯვენე მხარეს გადატანაზეა დამოკიდებული. ცენტრისტი ლიდერებისთვის, რომლებიც ამჟამად ხელისუფლებაში არიან, ტრამპის ახალი დოქტრინა იმდენად ეგზისტენციალურ გამოწვევას ქმნის, რომ შესაძლოა, ტრამპს დაუპირისპირდნენ. საკითხავია, აქვს თუ არა ევროპის მძიმე მდგომარეობაში მყოფ ცენტრისტებს ძალა ან ნება, რომ შეაჩერონ ტრამპი“, - ნათქვამია სტატიაში
