მებაჟე ოფიცრებმა და შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, ბავშვის ხელოვნური საკვების თუნუქის ქილებში მალულად მოთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს, მათ შორის: 760 გრამზე მეტი „მდმა“, 762 გრამი „კლეფედრონი“ და ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“.დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
