გერმანიის ქალაქ გისენში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა
გერმანიის ქალაქ გისენში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. მემარცხენე დემონსტრანტები, მათ შორის „ანტიფას“ წარმომადგენლები ქალაქში მემარჯვენე ოპოზიციური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებას აპროტესტებდნენ. მანიფესტანტებმა ქალაქისკენ მიმავალი გზები დაბლოკეს და დელეგატებს ყრილობაზე მისვლაში უშლიდნენ ხელს, შემდეგ კი ბარიერების გარღვევა და იმ შენობაში შეღწევა სცადეს, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ირჩევდნენ. ისინი სამართალდამცველების მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ და მათ ქვებს ესროდნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ ბუნდესტაგის დეპუტატს, იულიან შმიდტსაც, რომელიც ყრილობაზე იყო მისული. ადგილზე 5 ათასამდე სამართალდამცველი იყო მობილიზებული. ვრცელდება ცნობები 15-მდე დაშავებული პოლიციელის შესახებ.
