ისტორიული ინვესტიცია საქართველოსთვის, რომელიც ეკონომიკის განვითარებას ახალ სტიმულს მისცემს
ისტორიული ინვესტიცია საქართველოსთვის, რომელიც ეკონომიკის განვითარებას ახალ სტიმულს მისცემს. მასშტაბი, ხარისხი და ჩადებული ინვესტიცია აჩვენებს, რომ საქართველო არის პასუხისმგებელი, სტაბილური და მიმზიდველი სახელმწიფო საერთაშორისო ინვესტიციებისთვის. ხელისუფლება კი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, პროექტი ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელდეს. პრემიერის განცხადებით, როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ამხელა ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, მის წინააღმდეგ რადიკალური ძალების გააქტიურება. ირაკლი კობახიძემ ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟსა და დეზინფორმაციულ კამპანიას უპასუხა, თითქოს „იგლ ჰილსის“ პროექტი საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებს შეუქმნის. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ტერმინი - საქართველოს „არაბიზაცია“, მითია. შიდა და გარე აქტორების ანტისახელმწიფოებრივი კამპანია და ყველა მცდელობა ქვეყნის იმიჯის დაზიანებასთან დაკავშირებით ჩავარდა. მათ შორის კამპანია თითქოს საქართველოს რუსიფიკაცია მოხდებოდა, ამიტომ ახლა დეზინფორმაციის მორიგი ტალღა ააგორეს.
