კომერციული მოსყიდვის ფაქტზე თბილისის მერიის, შპს „ჰერმესის“ ზედამხედველი დააკავეს
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე თბილისის მერიის, შპს „ჰერმესის“ ზედამხედველი დააკავეს. საქმე ეხება მუხათგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე, თანხის სანაცვლოდ, საფლავის უკანონოდ გასხვისების ფაქტს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა იმის მიუხედავად, რომ მუხათგვერდის სასაფლაო თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია და კანონით გარდაცვალების ცნობის გარეშე საფლავის გასხვისება არ შეიძლება, ბრალდებული მოქალაქეს დაჰპირდა, რომ გარდაცვალების ცნობის გარეშე, საკუთრებაში გადასცემდა სამადგილიან საფლავს და დაუმზადებდა საფლავის მოწმობას, რომელშიც ჩაიწერებოდა ხსენებული მოქალაქის გარდაცვლილი ბაბუის მონაცემები, რომ თითქოს საფლავის ტერიტორიაზე უკვე დასაფლავებული იყო ოჯახის წევრი და გაკეთდებოდა შესაბამისი წარწერა, რის სანაცვლოდაც მოითხოვა 4600 ლარი. 3 და 5 ნოემბერს მოქალაქემ ბრალდებულს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2100 ლარის ოდენობით. 14 ნოემბერს კი სასაფლაოს ზედამხედველმა მოქალაქეს გადასცა საფლავის მოწმობა და გამოართვა თანხის დარჩენილი ნაწილი - 2500 ლარი. მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო/ვიდეომტკიცებულებები. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
