საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. „ქრონიკამ“ ამის ამსახველი ვიდეო მოიპოვა. მომხდარზე განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც ნათქვამია, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
