პოლიციამ კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვთან კავშირში მყოფი კიდევ ორი ადამიანი დააკავა
კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვთან კავშირში მყოფი კიდევ ორი ადამიანი დააკავა პოლიციამ, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. ერთის მიმართ კი ძებნა გამოცხადდება. როგორც გამოძიებით დადგინდა, ოქტომბერში, წითელი ცირკულარით ძებნილი, საზღვარგარეთ მყოფი ელმურაზ მამედოვი, გარდაბნის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ფერმერს, სოციალური ქსელში დაუკავშირდა და ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით 200 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა, რისთვისაც სამდღიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ, შემთხვევაში კი ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა. ვადის გასვლის შემდეგ, ფერმერის შვილს, ავტომანქანით გადაადგილების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შედეგად, არავინ დაშავებულა. დამნაშავეები კი ცხელ კვალზე დააკავეს.
