„დემოკრატიული არჩევნებისთვის“ მიერ გავრცელებული განცხადება - ცესკოს შეფასება
შეურაცხმყოფელი, უსაფუძვლო და დისკრედიტაციისკენ მიმართული- ასე აფასებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპული პლატფორმის, სახელწოდებით „დემოკრატიული არჩევნებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ორგანიზაციამ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში მყოფი რიგი საერთაშორისო დამკვირვებლები მიიჩნია ე.წ. ფეიქ დამკვირვებლებად. ცესკო მოუწოდებს ევროპულ პლატფორმას საჯაროდ განმარტოს, რა წყაროებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაავრცელა მსგავსი შეფასებები. ცესკოს განცხადებაში საუბარია ISFED-ის ყოფილ ხელმძღვანელზე და ნათქვამია, რომ არსებული ინფორმაციით, პარალელური დათვლის შედეგების მანიპულაციურად წარდგენის შემდეგ, თანამდებობიდან წასული ელენე ნიჟარაძე, ახლა სწორედ ევროპულ პლატფორმაში დემოკრატიული არჩევნებისთვის მუშაობს. „ქრონიკა“ ელენე ნიჟარაძეს დაუკავშირდა, რომელიც ამ ინფორმაციას უარყოფს.
