„ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაცია და ცრუ ინფორმაციის გავრცელება
„ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაცია და ცრუ ინფორმაციის გავრცელება. მეტეხის ტაძართან მომხდარ ინციდენტს ტაძრის მსახური პირები იხსენებენ. მესანთლეების მონაყოლიდან ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ტაძრის ეზოს დატოვება არ სურდათ და ცინიკური განცხადებებით გამოირჩეოდნენ. ხმაურის ფონზე, კი მათი დაცვა ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა გადაწყვიტა, მათ სიტუაციის განეიტრალება სურდათ, თუმცა სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურში გადაიზარდა. მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამართალდამცველების მიერ გამოკითხულია ინციდენტში მონაწილე სამივე მხარე, გამოძიების ამ ეტაპზე მიღებული ჩვენებებით დგინდება, რომ ჩხუბში მონაწილეობას იღებდა იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფი ათზე მეტი ახალგაზრდა მამაკაცი და მეორე მხრივ ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც გამოესარჩლნენ ტაძრის მსახურ პირებს. ამას, საკუთარ ჩვენებაში, თავად ი.ნარმანიას თანმხლები ერთ-ერთი ახალგაზრდაც ადასტურებს. მეტეხთან მომხდარ დაპირისპირებაზე შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში. ისინი ფაქტს და ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის იგორ ნარმანიას ქმედებებს სამარცხვინოს უწოდებენ.
