აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამი ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „მორფინი“, გამომშრალი „მარიხუანა“, ასევე ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის და კულტივირებისთვის საჭირო მასალები. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
