პრემიერ-მინისტრმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღო მონაწილეობა
პრემიერ-მინისტრმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღო მონაწილეობა. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა საფრანგეთის მიერ ინიცირებულ დეკლარაციას ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის დაფუძნების შესახებ . ღონისძიებაში, რომელიც კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-7 სამიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის თანათავმჯდომარეობით გაიმართა, საქართველოს მთავრობის მეთაურმა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მკაცრ პოლიტიკაზე ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები, ასევე დააკავეს რამდენიმე ათეული მსხვილი ნარკორეალიზატორი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას ნარკოტიკების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პროცესში და აღნიშნა, რომ საფრანგეთის ინიციატივა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის შექმნის შესახებ, ამ კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია
