ლაგოდეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს, საგანგებო შტაბი უხელმძღვანელებს და შესაბამის სამსახურებს კორდინაციაში დაეხმარება
ლაგოდეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს, საგანგებო შტაბი უხელმძღვანელებს და შესაბამის სამსახურებს კორდინაციაში დაეხმარება. სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფება „ქართული ოცნების“ დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი. ისინი დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან და მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას ეცნობიან. ლაგოდეხში სტიქიის შედეგებს მეორე დღეა ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად კაბალი-ბაისუბნის დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება რამდენიმე საათის წინ შეიზღუდა. ხიდის დაზიანების ხარისხსზე დასკვნა ექსპერტებმა უნდა დადონ. ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს მძიმე ტექნიკა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, კაბლის ხევის კალაპოტი შეიცვალა და სოფლის შიდა და ცენტრალურ მაგისტრალზე წყალის დინება შეწყდა. უხვი ნალექის შედეგად ნინოს ხევი, შრომის ხევი, კაბალისა და არეშფერანის მდინარე გუშინ ადიდდა, რამაც ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაიტბორა სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. მოსახლეობას დაუზიანდა ავეჯი და ტექნიკა.
