მოლდოვაში პარლამენტს ირჩევენ
მოლდოვაში პარლამენტს ირჩევენ. საარჩევნო უბნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დილის 7 საათზე გაიხსნა და 21 საათზე დაიხურება. 300-მდე საარჩევნო უბანია გახსნილი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. მათ შორის, რუსეთში მხოლოდ 2, დნესტრისპირეთის რეგიონში კი- 12. საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ის პარტიები მოხვდებიან, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ, საარჩევნო ბლოკებს კი 7%-იანი ბარიერი აქვთ დაწესებული. მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიიის მთავარ კონკურენტად ოპოზიციური „პატრიოტული ბლოკი“ მოიაზრება, რომელიც ხელისუფლებას დიქტატურის დამყარებაში ადანაშაულებს და მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლაზე საუბრობს. არჩევნებამდე 2 დღით ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა ოპოზიციურ ბლოკში შემავალ ორ პარტიას, „მოლდოვის გულს“ და „დიად მოლდოვას,“ ივლისში კი ცესკომ არჩევნებზე პოლიტიკური ბლოკი „გამარჯვება“ არ დაარეგისტრირა. ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მმართველი გუნდი მომავალ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს და იძულებული გახდება უმრავლესობის შესაქმნელად მოკავშირეები ეძებოს.
