ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ვერხვისმინდორსა და კაბალში , სადაც მდინარე არეშფერანი და კაბლის ხევი ადიდდა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. ამ დრომდე ცენტრალური მაგისტრალი დატბორილია კაბალში , რის გამოც ავტომობილების გადაადგილება შეფერხებულია. მოსახლეობის თქმით, გაუნადგურდათ ზამთრის მარაგი, ასევე დაზიანდა ავეჯი და ტექნიკა. სტიქიის ზონაში მობილიზებულია ლაგოდეხის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მოსახლეობას სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში რამდენიმე საათია აქტიურად ეხმარება სახანძრო - სამაშველო ბრიგადები. ვითარებას ადგილზე გაეცნო სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი.
