დღესვე პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა
რთველის მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიაწოდა. აღინიშნა, რომ რთველი ორგანიზებულად ტარდება და ყურძნის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. კახეთის რეგიონში ამ დროისთვის გადამუშავებულია 110 ათასი ტონა ყურძენი, გასული დღე-ღამის განმავლობაში კი მიმდინარე წლის რთველის სეზონზე რეკორდული რაოდენობის, 14 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. ღვინის საწარმოებს ყურძენი 9000-მდე მევენახემ ჩააბარა. გადამუშავებული ყურძნიდან 50 ათას ტონამდე საფერავი, 52 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით, დიფერენცირებულ ფასად იბარებს. ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
