შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა
პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი და დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა. მანამდე, საამიროების პრეზიდენტი შეხვდა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. ბიძინა ივანიშვილმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ისაუბრეს იმ მასშტაბური პროექტის ინვესტიციაზე, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები განახორციელებს საქართველოში. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ შეიხმა განაცხადა, რომ საამიროები მზად არის, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდოს საქართველოში. მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაშიც. სადაც, ორივე მხარემ დაადასტურა მზაობა, ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. გაფორმდა მემორანდუმი საქართველოსა და აბუ-დაბის დეველოპერულ კომპანიას შორის, რომელიც 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, საამიროების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები, კავკასიის რეგიონში პარტნიორობის გაძლიერების ერთგულია და იმედოვნებს, რომ სახელმწიფოების თანამშრომლობა, განვითარებასა და ხალხების კეთილდღეობას შეუწყობს ხელს
