ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა. პარკის მშენებლობის ადგილზე პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა. დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ირაკლი კობახიძეს, ინფრასტრუქტურის მინისტრმა გააცნო. პარკის პროექტირების კონკურსი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. პარკი დაახლოებით 70 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსდება და გააერთიანებს საბავშვო სათამაშო ზონებს, სპორტულ მოედნებს და სავარჯიშო სივრცეებს, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელს, კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცეებს, ღია სცენას, პავილიონებს და ღონისძიებების მოედნებს. პარკში ასევე განთავსდება საინფორმაციო ცენტრი, ჭადრაკის მაგიდები, დეკორატიული ტბები და შადრევნები. ახალი სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
