წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 მილიონ 78 ათასი ქალია, ხოლო 1 მილიონ 836 ათასი - კაცი. საქართველოს მოსახლეობის 2024 წლის აღწერის შედეგების დამუშავების შესახებ საქსტატი ინფორმაციას ავრცელებს. აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობდნენ 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის, მოსახლეობის რიცხოვნობიდან სულ მცირე 93,4 პროცენტი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არა უმეტეს 6,6 პროცენტს - ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. აღწერის დეტალური საბოლოო შედეგები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.
