სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა
ისინი ნებაყოფლობით, ჩარტერული რეისით, მესამე ქვეყნის გავლით გაემგზავრნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო უკრაინის მოქალაქეთა გადმოყვანა სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მოხდა მათი გადაცემა უკრაინის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის, თავის მხრივ, მათ უზრუნველყვეს უკრაინის მოქალაქეთა ბორტზე განთავსება და ჩარტერული რეისით მგზავრობისას მათი თანხლება. საქართველოს სახელმწიფო საზღვართან კვლავ რჩება იმ ადამიანთა გარკვეული ნაწილი, რომელთა სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.